ადამიანები ნაგავში იქექებიან და შენ რომ ნახევარმილიონიანი მანქანა გყავს, რა პასუხს აძლევ ღმერთს? - მამა ზაზა მღვდელმთავრებს
მამა, ზაზა თევზაძემ ქრისტიანული რწმენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეიძლება მღვდელმთავრებმა ქონების დაგროვებაზე იფიქრონ, რადგან ბერული აღთქმით, უპოვარება ერთ-ერთი ნაწილია. ამის შესახებ მამა ზაზამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„რწმენა არ არის რაღაც გაურკვევლობა, რწმენა არის დიდი სინათლე. რწმენა მოსმენისგან არისო და მოსმენა ვისია? - ღმერთის სიტყვის. ყველა მღვდელმთავარი არის ბერული აღთქმით. ბერული აღთქმით ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია უპოვარება ანუ არაფერი არ უნდა გქონდეს პირადი ნივთების გარდა. სამოსელი, ჯაგრისი და მაგდაგვარი.
სად გაგონილა მილიონერი ბერი, მონაზონი, რომელსაც რაღაც დაუოკებელი სურვილი აქვს? შეუთავსებელი როგორ უნდა შეათავსო ერთმანეთთან? ან იმას როგორღა უნდა მოუსმინო შენ დალოცვილო... არ სჭირდება ბერს არაფერი, ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდეს?
სახლში რომ პური მიიტანონ ადამიანები ნაგავში იქექებიან და შენ რომ ნახევარმილიონიანი მანქანა გყავს, მთელი „გარაჟები“ რომ გაქვს, რა პასუხს აძლევ ღმერთს? ეს ერთმანეთთან როგორ შეიძლება შეათავსო? რწმენა პირჯვრის წერა კი არ არის და თავზე საბურავის გაკეთება. ეს მაიმუნმაც შეიძლება გააკეთოს. რწმენა არის გონება, რწმენა არის სუფთა სინდისი“, - აცხადებს მამა ზაზა თევზაძე.