200-ზე მეტი პროფესორი პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე
არ მიიღოთ რუსული კანონი - ამ ტექსტით მიმართა საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მოუწოდა უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე.
ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცათ.
განცხადებაში, რომლითაც პროფესორ-მასწავლებლებმა დეპუტატებს მიმართეს ნათქვამია, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი ახლა პარლამენტში განიხილავენ, არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
„საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას - გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.
ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.