ჯვარზე მაცვეს, როდესაც ვთქვი, თვითმიზანი არ არის ევროკავშირი-მეთქი - მიხეილ ყაველაშვილი
ჯვარზე მაცვეს, როდესაც ვთქვი, თვითმიზანი არ არის ევროკავშირი-მეთქი, დიახ, ჩემი თვითმიზანი, მგონია, რომ ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ჯვარზე მაცვეს, როდესაც ვთქვი, თვითმიზანი არ არის ევროკავშირი-მეთქი. დიახ, ჩემი თვითმიზანი, მგონია, რომ ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობაა, ეს არის თვითმიზანი და ჩემთვის საშუალებაა ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, რა ღირებულებები და ფასეულობებიც დავინახე, სადაც ჩვენი იდენტობით, კულტურით უნდა შევიდეთ, ეგ არის ჩემთვის ღირებული. ის კი არა, აქ რომ ზის და მეუბნება, ცალი ფეხით უნდა იდგე, როცა გეტყვიანო და ეგრე უნდა შეხვიდე ევროკავშირშიო. ეგ განსხვავებაა. ქართულს ვერ იტანთ თქვენ, რუსული რა შუაშია. ქართულს ვერ იტანთ და იმიტომ ეძახით რუსულს.
დღეს იყავით არასამთავრობო ორგანიზაციები და უყურებდით, როგორ უნდა ჩაეშალათ სხდომა მობრძანებულ „ნაციონალებს“, ამას უყურებთ, როგორც ადამიანურს. უმსგავსობას, ველურობას, რასაც ესენი აკეთებდნენ, ამას უყურებთ, როგორც ადამიანურს. მე ვარ ველური და მე არ მინდა თურმე ევროკავშირი და ევროპა. რუსულს რომ ეძახით, უნდა დაამტკიცოთ, რომ რუსულია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.