თეგებით ძიება

რომელი ქვეყნის პასპორტით შეიძლება ყველაზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობა?

Visual Capitalist-მა Henley & Partners-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების რეიტინგში შეადგინა, რომელთა პასპორტის მფლობელებს უვიზოდ მიმოსვლა ყველაზე მეტ ქვეყანაში შეუძლიათ. ამის შესახებ ინფრომაციას BM.GE ავრცელებს.

რეიტინგში პირველ პოზიციას, იაპონია და სინგაპური ინაწილებენ. ამ ქვეყნების პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ წინასწარი თანხმობის გარეშე დედამიწის თითქმის ყველა, 193 ქვეყანას ეწვიონ. რეიტინგში მეორე ადგილას, 192 ქვეყნით სამხრეთ კორეა ხვდება, რომელსაც 191 ქვეყნით გერმანია და ესპანეთი მოსდევს. რაც შეეხება ათეულში შემავალ დანარჩენ ქვეყნებს, ესენია: ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ავსტრია და დანია.

რაც შეეხება, იმ ქვეყნებს, რომლებსაც უვიზოდ მიმოსვლის ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ასეთები ძირითადად ომით განადგურებული და პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნებია. აქ ავღანეთი ლიდერობს, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ 27 ქვეყანაში შეუძლიათ, მას ერაყი და სირია მოსდევს, ხოლო ათეულში ხვდებიან: პაკისტანი, იემენი, სომალი, ნეპალი, პალესტინა და ჩრდილოეთ კორეა.

ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა 115 ქვეყანაშია შესაძლებელი. ამ შედეგს რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაცია განაპირობებს და სხვათა შორის, სწორედ ამ ფაქტორის გამო, საქართველო მნიშვნელოვნად წინ არის სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით. მაგალითისთვის, აზერბაიჯანს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ 69 ქვეყანასთან აქვს, ხოლო სომხეთს 65-თან. რაც შეეხება თურქეთს, უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა 111 ქვეყანასთან აქვს, ხოლო რუსეთს 118-თან.

ვიზუალ კაპიტალისტის რეიტინგი იმ ქვეყნებსაც გვაცნობს, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით ყველაზე დიდი ცვლილება განიცადეს. მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროები ლიდერობს, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ, 106-ით გაზარდა, მეორე და მესამე პოზიციებს კი კოლუმბია და უკრაინა ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში საქართველოც ხვდება, რომელიც +55 ქვეყნით, მეცხრე ადგილს იკავებს.

იმ ქვეყნების რეიტინგში კი, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მდგომარეობა გაიუარესეს და რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაც დაკარგეს, მოწინავე პოზიციებს: იემენი, სირია და ნიგერია იკავებენ.

დღეს ე.წ. პასპორტის ძალა თითქმის პირდაპირ ასახავს მსოფლიოს პოლიტიკურ მდგომარეობას. განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებს, როგორც წესი, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობის თავისუფალი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობის, სიღარიბის ან ომის წინაშე მდგარი ქვეყნების მოქალაქეები საზღვარგარეთ წასვლაში ბარიერებს ხშირად აწყდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა