აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას - მამუკა ხაზარაძე
პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას, რომლითაც ქართველი მოქალაქეები ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებენ, რომ ევროპულ მომავალს არ დათმობენ.
„მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას, რომელშიც, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები გაერთიანდებიან და თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავენ. საკითხი ასეთია - ან ვიცავთ კონსტიტუციას, ან პირდაპირ რუსეთს ვბარდებით. დღეს ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ და ერთიანი ფრონტით, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობით ხელისუფლებასა და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი იმ მონაპოვარს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ოცნება იყო, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.
ამ მოძრაობაში „ლელო“ ისე, როგორც სხვა პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები, იქნება ხალხთან ერთად. საკითხი თითოეულ ჩვენგანს ეხება და ნურავინ ეცდება ლიდერის დროშა დაიჭიროს.
მე მყავს ხუთი შვილი და მათგან ერთ-ერთი კინოწარმოებითა და რეჟისურითაა დაკავებული, საქართველოსა და ჩვენს ისტორიაზე იღებს ფილმებს. მისის დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოურია. ჩემი ხუთივე შვილი თავისუფალ საქართველოშია დაბადებული.
მინდა „ქართულ ოცნებასა“ და მის დეპუტატებს, რომლებიც მხარს უჭერენ კანონს და გვეუბნებიან, რომ მას არავითარი საშიშროება არ სდევს, ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნო - არ გაქვთ არანაირი შანსი, რომ ჩემს შვილს, შვილებს, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან, აგენტები დაერქვათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.