„არც ჩემმა შვილმა არ მინდა ისწავლოს ომსკში, ხაბაროვსკში ან თუნდაც პეტერბურგში" - ზურა შევარდნაძე
"გარდენია შევარდნაძის" მფლობელი, ზურა შევარდნაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"გურიაში და თბილისის უნივერსიტეტში მიღებული სიყვარულისთვის და ცოდნისთვის ბონის, მიუნხენის და პარიზის ბოტანიკურ ბაღებში მიღებული ცოდნა რომ არ მიმემატებინა ვფიქრობ სულ სხვაგვარად იქნებოდა ჩემი საქმე. ვერც უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას. მე სხვისი ამბავი არ ვიცი, ჩემსას ვყვები. აბა როგორ არ ვიყო მადლიერი?! აბა როგორ არ ვიყო ამ აურზაურში იმ მხარეს რომელზეც ვარ?! არც ჩემმა შვილმა არ მინდა ისწავლოს ომსკში, ხაბაროვსკში ან თუნდაც პეტერბურგში", - წერს შევარდნაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
„ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.