"დინამოს" დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის" - "დინამო თბილისი" სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ევროპულ კურს მხარდაჭერას უცხადებს.
"დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.
როგორც ჩვენ ფეხბურთს, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
აღნიშნულ კანონპროექტს საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. საკუთარი პოზიცია საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, შოთა რველაძემაც დააფიქსირა.