თეგებით ძიება

ეს კანონი აუცილებელია - წულუკიანი „აგენტების კანონპროექტზე“

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ე.წ. აგენტების კანონპროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი კანონის მიღება ქვეყანაში აუცილებელია. ამის შესახებ წულუკიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„თუ მეკითხებით როგორც ამ ქვეყნის შვილს, მგონია, რომ ეს კანონი აუცილებელია. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლებებს რომ მიეღოთ ეს კანონი, ჩვენ დღეს ვიქნებოდით უფრო ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, რომელიც იქნებოდა დახმარების, კრიტიკის, ხელშეწყობისა და თუნდაც ჯანსაღი ლობიზმის რეჟიმში და არა, ეს ყველას არ ეხება, ვინც იქ დებოშს აწყობს, აჩვენეს თავიანთი სახე მორიგჯერ, რომ ესენი არ არიან ორგანიზაციები. ეს სულ ერთი და იგივე სახეებია, იუსტიციის მინისტრი როდესაც ვიყავი, ერთ-ერთი პირველმა გავბედე და ვთქვი, რომ ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ესენი არიან პოლიტიკური ორგანიზაციები-თქო. ამას მოჰყვა ქვების წვიმა და ლამის ჩაქოლეს ჩვენი იუსტიციის მინისტრი. ჩვენ კანონი ნამდვილად გვჭირდება. მეორე საკითხია, რატომ ეს ტერმინი, რატომ „აგენტის სახელი“ და სხვა. ეს მსჯელობის საგანია, ეს ისტორიულად ცუდად დატვირთული ტერმინია. თუ სხვა ტერმინით შეიცვლება, ეს პრობლემაც მოიხსნება. ის ვინც ბევრს ყვირის, არც აინტერესებს რა წერია კანონში. რაღაცა ნაწილი მათი მონაწილეობით, ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახორციელებენ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე. იმ ადამიანებზე, რომელთაც კანონი არ წაუკითხავთ, არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, რომ წაეკითხათ. მე, სანამ ხმაური არ ატყდა, არც ვიცოდი რა არის ინიცირებული. რომ წავიკითხე, გამიკვირდა - ნამდვილად ამაზეა ასეთი ამბავი ატეხილი-თქო. ამ ადამიანებზე მიდის დაუშვებელი ფორმებით ზეწოლა - მუქარა, რომ ასე და ისე გიზამთ, სმს-ების გაგზავნა, ოჯახის წევრებზე ზეწოლა... ამ მეთოდების გაძლება მოქალაქეობრივი ვალია. წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ რა მოხდება?“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა