„ჩათვალეთ, რომ ისევ ცხრა აპრილი დაგვიდგა“ - რას წერს მამუკა გამყრელიძე?
პარტია „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
„საქართველო ძლიერი იყო 9 აპრილს, როცა საზოგადოება გაერთიანდა და ყველა ერთად დაუპირისპირდა რუსულ ჩექმას. ბოლშევიკებმა ეს გაკვეთილი კარგად შეისწავლეს და დაიწყეს ჩვენი ერის გათიშვაზე მუშაობა. ეს დაპირისპირება ერში პუტჩით დაიწყო და დღემდე გრძელდება. აგვისტოს ომის შემდეგ თითქოს გამოვფხიზლდით, მაგრამ კრემლის პროპაგანდამ და ჩვენმა სიხარბემ და სულსწრაფობამ კვლავ გაგვთიშა.
ქვეყანას დღეს სჭირდება მორალური ავტორიტეტები, რომლებსაც ერი ენდობა. პოლიტიკოსებში სამწუხაროდ არავინ მეგულება ისეთი ვინც საკუთარი ავტორიტეტით და მიუკერძოებლობით შეძლებს ერის გაერთიანებას. ეს ტვირთი ისევ საზოგადოებამ უნდა აიღოს თავზე.
ჩათვალეთ, რომ ისევ ცხრა აპრილი დაგვიდგა. ისევ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ერის საერთო მიზნის მისაღწევად!“ - წერს მამუკა გამყრელიძე.