კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება.
„ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.