თეგებით ძიება

სახლის ინტერიერი, ტიხრები და ფერთა გამა - როგორი რემონტი გავაკეთოთ და რა არის 2023 წელს ყველაზე ტრენდული? (ფოტოკოლაჟი)

ახალი სახლის თუ ბინის ყიდვის შემდეგ ყველაზე აქტუალური კითხვებია: როგორი რემონტი გავაკეთოთ? რა არის ყველაზე ტრენდული? მსგავს "თავსატეხზე" პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ - რა მოგწონთ თავად და შემდეგ ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩადგება.

გაგაცნობთ, რა არის სახლის ინტერიერის დიზაინში 2023 წელს ყველაზე მოთხოვნადი, მოდური და აქტუალური... წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრიობაა - თეთრი, ნაზი, მშვიდი ფერები თქვენს სახლს კომფორტულ, მყუდრო სივრცედ აქცევს და სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

რემონტი განახელბასთან, ახლის შეძენასთან ასოცირდება, ამიტომ, სიახლესთან ერთად, წარსულის მოგონებების სახით, ინტერიერში შესაძლებელია ვინტაჟური ნივთების გამოყენება. წელს ტრენდულად ითვლება ოთახების მინის ტიხრებად დაყოფა.

როგორც ხედავთ, ზემოთ მოცემულ სურათზე სამზარეულო და მისაღები ოთახი გამოყოფილია მინის ტიხრით, რაც ოთახს ერთი შეხედვით ვინტაჟურ იერს აძლევს, მეორე მხრივ კი, სივრცე ფართის დაკარგვის გარეშე ორ ნაწილად მოხერხებულად იყოფა.

ხშირ შემთხვევაში მსგავს მინის ტიხრებს, გემოვნების მიხედვით, საძინებელშიც აკეთებენ და საინტერესო იერ-სახეს აძლევენ ბინის ინტერიერს.

აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ 2023 წელს ყველაზე ტრენდული სკანდინავიური, მინიმალისტური, ინდუსტრიული და ქანთრი მიმართულებებია.

სკანდინავიური დიზაინის ისტორია

სკანდინავიური დიზაინი სათავეს 1930-იანი წლებიდან იღებს და ის ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია, რომელიც ხასიათდება ლაკონურობით, ფუნქციურობითა და სუფთა ხაზებით.

სკანდინავიური ინტერიერის სტილის ბინებში ფერი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ ქვეყნებისთვის გრძელი და ბნელი ზამთრია დამახასიათებელი,  შესაბამისად, სახლებში ბუნებრივი სინათლე ნაკლებად შემოდის.

სკანდინავიურ ინტერიერში დომინირებს თეთრი, ცისფერი და ე.წ. პასტელური ფერები, რაც გარემოს მყუდროს და ამავდროულად, ნათელს ხდის.

მინიმალისტური სტილი

მინიმალიზმს ბევრი ახსნა არ სჭირდება - თავად სიტყვა განმარტავს თავის თავს. მისი ძირითადი მახასიათებელი სიმარტივესა და სიმეტრიულობაშია. ფუნქციურობა კიდევ ერთი ფაქტორია, რაც მინიმალიზმს ახასიათებს: ყველა ნივთსა და დეკორატიულ ელემენტს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს, შესაბამისად, დიდი, თავისუფალი სივრცე რჩება და ბინა ზედმეტი ნივთებით გადატვირთული არ არის. მინიმალისტური სტილის გამოყენებით, პატარა ბინა უფრო ფართო და სივრცული ხდება.

ინდუსტრიული სტილი

ეს სტილი ინსპირაციას იღებს ძველი, მიტოვებული ქარხნების, საწყობებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის განკუთვნილი შენობებიდან.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, აშშ-ში დაიწყეს მიტოვებული ძველი ნაგებობების გამოყენება. არტისტები მსგავსი ურბანული ვიზუალის ინტერიერს საკუთარი სტუდიოს ტიპის სახელოსნოებისთვის იყენებდნენ.

მართალია, იმ დროისთვის ინდუსტრიული სტილი ცალკე ინტერიერისთვის არ არსებობდა და გამომდინარეობდა მხოლოდ შენობის ფუნქციიდან, მაგრამ, დროთა განმავლობაში, დიზაინერებმა ეს სტილი დახვეწეს დ შესძინეს მას ელეგანტურობა.

ინდუსტრიული სტილი გულისხმობს შენობებსა და ოთახებში, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი, თითქოს შეუსაბამო მასალების გამოყენებას. ეს, ამავდროულად, მოიცავს კედლების „გაშიშვლებას“ და იმ არიქტექტურული ნაკლების გამომჟღავნებას, რომელსაც სხვა მიმართულება კოხტად დამალავდა.

ქანთრი სტილი

სოფლის სტილი, სოფლური - სწორედ ასე ახასიათებენ ქანთრი სტილს. ის წარმოიქმნა ძველ ინგლისში.

ქანთრის სტილში გამოიყენება ბუნებრივი მასალები. მეტალის ელემენტებში დიზაინერები იყენებენ ხელით დამუშავებულ სპილენძს და ბრინჯაოს. ქანთრის სტილში აუცილებელი ელემენტია ბუხარი, რომლის ირგვლივაც განთავსებულია დაწნული ავეჯი ბევრი ბალიშით. კიდევ მეტი სითბოს და მყუდროების დასამატებლად კედლებსა და ბუხრის თაროებზე თავსდება ჩარჩოში ჩადებული ფოტოები, სურათები, ძველი წიგნები.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია მკვეთრად ჩამოაყალიბოთ, რა მოგწონთ თავად, რას და რატომ ანიჭებთ უპირატესობას, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა