ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის აგენტებს - პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართბველოს მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს.
"ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. მე ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ამ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ტრაგედიაა რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. მაგრამ ვფიქრობ ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, ოკუპანტს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის 20%, შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ამის შემდეგ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადასცეს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ესაა რეალობა, რაზეც მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი სპეკულაციაა, სულ ტყუილად ირჯებიან.", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.