რაღაც არ ჩანან კაპიტანი გიგაური და მისი მოძმენი, მდიდარი ორგანიზაციები, გადამალეს - ირაკლი ზარქუა
„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ოპოზიციას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე საწინააღმდეგოდ ერთი არგუმენტიც არ აქვს.
ზარქუას თქმით, საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს და ევროპულ კურსზე ჩანაწერი კონსტიტუციაშია.
„ჩემთვის გაუგებარია ეს ემოცია. რაღაც არ ჩანან კაპიტანი გიგაური და მისი მოძმენი, მდიდარი ორგანიზაციები. გადამალეს თუ ამ პროცესს თავად მართავენ? სად არის კაპიტანი გიგაური, რატომ არ გამოდის? ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია ღიაობა და გამჭვირვალობა. საუბარი იყო, რომ მეორე მოსმენის დროს იქნებ სათაური გადაიხედოს. მაშინ რა არის პრობლემა? დაფინანსება გამჭვირვალე არ უნდა იყოს? მგონია, რომ აქ სულ სხვა პრობლემაა – გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ფინანსდებიან რევოლუციური სცენარებით, ამის ღიაობა და გამჭვირვალეობა არ უნდათ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს და ევროპულ კურსზე ჩანაწერი კონსტიტუციაშია. „ნაციონალების“ რადიკალებმა რუსებს გადააბარეს სტრატეგიული ობიექტები, ბიზნესები და სოფლები და ქართველ ბიჭებს დააბრალეს ომის დაწყება. ასეთი უსამშობლო ხალხისგან პატრიოტულ სულისკვეთებას მიიღებთ?“ – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.