თეგებით ძიება

"საქართველოს დასავლურ არჩევანს არანაირი და არავითარი გონივრული საპირწონე არ აქვს. "დასავლეთი" მხოლოდ გეოგრაფიული მხარე არ არის" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია საქართველოს დასავლური არჩევანის მნიშვნელობაზე წერს და იმ კითხვებს აყალიბებს, რაც ე.წ. აგენტების კანონპროექტმა უნდა გასცეს.

"ერთი რამ უკიდურესად ზუსტად ვიცი - საქართველოს დასავლურ არჩევანს არანაირი და არავითარი გონივრული საპირწონე არ აქვს. ეს, ასევე, ზედმიწევნით კარგად ესმოდათ ჩვენს წინაპრებსაც.

"დასავლეთი" მხოლოდ გეოგრაფიული მხარე არ არის. ის, პირველყოვლისა, იდეათა, შეხედულებათა, პრინციპთა და მოქმედებათა სისტემაა.

ყველანაირი პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი ნაბიჯი სწორედ ზემოთქმულის გათვალისწინებით უნდა გადავდგათ.

პოლიტიკური კულტურა უაზრო და უშედეგო წივილ-კივილს კი არა, მშვიდ, რაციონალურ და შეთანხმებაზე ორიენტირებულ მეტყველებას და მოქმედებას გულისხმობს.

ჩემი აზრით, ახალმა კანონპროექტმა დასაბუთებული პასუხები უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს:

1. რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას?

2. რამდენად მართებულ დროს არის შემოთავაზებული?

3. რა ახალ ნორმებს ამკვიდრებს, რომლებიც აქამდე არ იყო აქცენტირებული ჩვენს კანონმდებლობაში?

4. როგორ აბალანსებს შესაძლო საფრთხეებს?

5. როგორ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის უპირობო მიზანსა და ამოცანას?

6. ქმნის თუ არა სათანადოდ ორგანიზებულ სივრცეს საზოგადოებრივი შეთანხმების მისაღწევად?

ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს საქმიან გარემოში.

უნდა იკამათონ არგუმენტებმა და არა მუშტებმა თუ ლანძღვა-გინებამ და იარლიყებმა.

თუკი ევროპისკენ მივდივართ (და ასეცაა), მეტი პოლიტიკური და სოციალური კულტურა მოგვეთხოვება.

ვფიქრობ, ქართველ მოქალაქეთა და ამომრჩეველთა მთავარი დაკვეთა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, სწორედ ეს არის.

ვინც მშვიდ ვითარებაში თემის განხილვას ხელს შეუშლის (ეს შეთანხმებას გამორიცხავს), ევროპული არჩევანის მოწინააღმდეგე სწორედ ის იქნებ", - წერს მურღულია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

„ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა