პარლამენტთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს
პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები, მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან შეკრებილები და მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, გავიდნენ გარეთ და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.