თეგებით ძიება

პარლამენტთან საპროტესტო აქციები ჩაინიშნა

საქართველოს პარლამენტთან აქციები ჩაინიშნა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ.

"საქართველოს ხელისუფლება ისევ გვატყუებს.

როგორც ჩანს, იმდენად მტკიცეა ნება, მიიღონ რუსული კანონი, ხელისუფლებამ ტყუილისა და გაიძვერობის ხერხს მიმართა. მათ იცრუეს, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცაღა როგორც კი შენიშნეს, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა კანონპროექტის დღესვე განხილვის შესაძლებლობა.

ერთადერთი, რაც მას ამ პროცესში აფერხებს, სახალხო პროტესტი და ტალღაა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი სიმხდალე. ერთადერთი, რასაც ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, თქვენი ყოფნაა აქ, იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, რუსული კანონის განხილვა აღარასდროს დაბრუნდეს დღის წესრიგში.

მოდი აქ, რათა ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენი მტკიცე #არარუსულკანონს. ნურავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას მომავალი, დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა