დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს.
"ჩვენ არ ვეგუებით მოცემულობას. ახლა ბიძინა ივანიშვილს აქვს შემდეგი კარტი გაშლილი, რომელიც გათვლილია ჩვენს დანებებაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ დეპუტატების ბრძოლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყველანი ყოფილიყვნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მე ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ დავინახე და რომ ყოფილიყვნენ, დაეხმარებოდნენ კოლეგებს.
ახლა მაინც უნდა შეუერთდნენ დარბაზში და მაქსიმალურად დრო უნდა გაიწელოს და განხილვაში უნდა შეყვნენ, რომ ხალხმა მოახერხოს მობილიზაცია ადგილზე და თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ არამართლზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატს სანქცია, ეს ამინდს ვერ შექმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ.
ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ეს პროცესი ისტორიულია და შედეგი იქნება ორი - ან მრავალი ათწლეულით დამარცხება ან ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ღალატი არამარტო მათი მხრიდან იქნება ჩადენილი თუ ამ კანონს მიიღებენ და თავიანთი გაუვათ, არამედ ჩვენს მიერაც იქნება ღალატი ჩადენილი, თუ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. მჯერა ქართველი ხალხის გონიერების და სიმტკიცის", - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.