„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კანონპროექტის განხილვის პარალელურად, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.