თეგებით ძიება

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მიმართავს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.

„შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა