ჩემთვის ევროპა არა „შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი და ვივლი - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. ამ განცახდებით კალაძე 7 მარტს თბილისში გამართულ აქციას გამოეხმაურა.
აქვე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის ევროპა.
„ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და ვისწრაფვით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე, ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები - „კახა, კარგია შოპინგი ევროპაში?“ აღარ შევალ სიღრმეებში. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს - ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ევროპა „შოპინგამდე“ დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ.
ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში - მილანში. ჩემი წარმატებები დაკავშირებულია ევროპასთან, მილანთან, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, მისი კულტურით და ტრადიციებით. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით და დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებს. ჩემთვის ევროპა არა „შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი. ჩემმა პირადმა გამოცდილებამაც დამარწმუნა, რომ თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას გააჩნია, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და დაგაფასებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ კანონის მიღებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეებმა აქცია გამართეს პარლამენტთან. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.