დაკავებულებმა უნდა დატოვონ ციხე - სანდრო რაქვიაშვილი
შემდეგი კენჭისყრა სანამ ჩატარდება და ეს კანონი საბოლოოდ იქნება ჩაგდებული, მანამდე ის ხალხი უნდა გამოვიდეს ციხიდან, ვინც დაჭერილია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ცხადია, ყველაფერი შეიძლება, იყოს ამ მომენტისთვის, მაგრამ მით უმეტეს, როცა ხალხი ჯერ კიდევ დაჭერილია, ისინი თუ არ განთავისუფლდნენ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უკან არ დახეულა, ამოტომ ზოგადად, კიდევ ბევრი საქმე გვაქვს წინ. ეს პროცესის დასაწყისია და უბრალოდ, იმ ახალგაზრდების გულწრფელმა ემოციებმა მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებაა. ხოლო რამდენად უშუალოდ კანონებს გამოიწვევენ, კანონის გამოწვევა მარტივია, არაფერი არ უნდა იქ პროცედურულად. მეორე კენჭისყრა დასჭირდება სავარაუდოდ და ეს შემდეგ კვირას გამოჩნდება.
ანუ შემდეგ კვირას კომიტეტი ჩატარდება, თუ წინააღმდეგ მისცემენ ხმას და ა.შ., გამოჩნდება, რომ ხომ, გამოიწვიეს. ამიტომ რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მათ შორის, არ არის გამორიცხული, ეს იმიტომაა გაკეთებული, რომ მუხტი ჩავარდეს და რაღაცნაირად ხალხი დამშვიდდეს, ვითომ მიზანი მიღწეულია და ამით დასრულდეს ეს პროტესტი. მაგრამ, ცხადია, ასე არ არის და სანამ შემდეგი კენჭისყრა ჩატარდება და ეს კანონი საბოლოოდ იქნება ჩაგდებული, მანამდე ეს ხალხი უნდა გამოვიდეს ციხიდან, ვინც დაჭერილია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.