თეგებით ძიება

"გაზის ტყვიები ფეხებში გვეცემოდა, პოლიცია ხალხს საშინელი წამებისთვის და ტანჯვისთვის იმეტებდა...პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ..." - რას წერს ნინო ლომჯარია?

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 8 მარტს, თბილისში გამართული აქციის დეტალებს იხსენებს და საჯარო პირობასაც დებს.

"ეს ბოთლი დღეს აღმოვაჩინე ჩანთაში, სასწრაფოს მანქანაში მომცა ექიმმა, ჩემზე მძიმედ მყოფებს რომ დავხმარებოდი. გუშინ ათასობით მოქალაქესთან ერთად მშვიდობიანად ვიდექი პარლამენტის წინ, როდესაც გაფრთხილების გარეშე ყველა მხრიდან დაიწყო გაზის ტყვიების სროლა, გასაქცევი არსად იყო, წამებში შემეკრა სუნთქვა და თვალებში დამიბნელდა, გავიქეცი ქაშუეთის მიმართულებით, სადაც ჭყლეტა იყო, გავრბოდით და გაზის ტყვიები ფეხებში გვეცემოდა, გაჭედილობაში სუნთქვა შეუძლებელი იყო, გაზი კი იმატებდა, იმ წუთას რაზეც ვფიქრობდი იყო ის, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ჭყლეტაში მყოფ ხალხს გაზს ესროდა, საშინელი წამებისთვის და ტანჯვისთვის იმეტებდა მათ, ვისაც რუსეთი არ გვინდა ეს ქვეყანა გახდეს.

პირობს ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუშინ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენება, დემონსტრანტების უმოწყალოდ ცემა და დარბევა დაუსჯელი არ დარჩეს, ყველას მოგეკითხებათ სამართლებრივი პასუხი! 

პ.ს. მადლობა სასწრაფოს ექიმებს, თქვენ გუშინ იყავით სინათლის სხივი", - წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა