მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის - ლევან ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და მოქალაქეებს გამარჯვებას ულოცავს.
"მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდებმა თავისი უკომპრომისო ბრძოლით, სიტყვა უკვე უკან წააღებინეს რუსულ ოცნებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობა უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში ის, რაც თქვა რუსულმა პარტიამ, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, ხელმოწერით დაადასტუროს, იმიტომ რომ მათი სიტყვის აღარავის არ სჯერა, ბევრჯერ მოუტყუებიათ ხალხი.
რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პარტიის წევრებს, ადამიანებს ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გათავისუფლება.
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს არის ერთი, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ იწყება ახლა. რუსული ოცნება გვყავს დასამარცხებელი, მისი 78 გავრილოვით, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს და რომ არა ამ ახალგაზრდების თავგანწირული ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ცხადია ეს ადამიანები ამას ბოლომდე გაიტანდნენ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.