თეგებით ძიება

„სიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე რიგით მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად უნდა მიგვეტანა“ - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომლითაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება.

„ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების გარშემო შექმნილმა დეზინფორმაციის კამპანიამ საზოგადოების ნაწილში კითხვის ნიშნები გააჩინა, დაბნეულობა და ვნებათაღელვა გამოიწვია, რის გამოც გულწრფელი მოქალაქეები ევროპული მომავლის სასარგებლოდ, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ქუჩაში გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ლეგიტიმურ მოსაზრებას, რომ კანონპროექტების რეალური მიზნების გარშემო შექმნილი გაურკვევლობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მეტად უნდა გვეზრუნა, რომ სიცრუის ნიაღვარის ფონზე,  სიმართლე რიგით მოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიგვეტანა.

საბედნიეროდ შევძელით, რომ საზოგადოების, გულანთებული ახალგაზრდების პროტესტი ქაოსსა და გამოუსწორებელი ზიანის მომტან დაპირისპირებაში არ გადაიზარდა, რაც კეთილსინდისიერი მოქალაქეების, სამართამდამცველების, პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა და ეკლესიის, ჩვენი ყველას დამსახურებაა.

მადლობა ყველას ვინც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ცივილური ფორმებით იყენებდა და დესტრუქციულ ძალებსა თუ ცალკეულ პირებს რადიკალიზაციის საშუალებას არ აძლევდა. მადლობა შს მინისტრსა და სამართალდამცველებს, რომლებმაც კანონის უზენაესობის, ევროპული ოჯახის ფუნდამენტური ღირებულების დაცვა მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს. მადლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც მასშტაბური ბულინგისა და უსაფუძვლო შეურაცხყოფების კასკადს ღირსეულად გაუძლეს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებას არასდროს გადაუხვევია არც ევროპული არჩევანის და არც ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, ყოველთვის უსმენდა და ითვალისწინებდა ხალხის სამართლიან ნებას, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება. კანონპროექტების უპირობო გაწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მიზანი კი, გაერთიანებული სამშობლოს მშვიდობიანი და ევროპული მომავალია.

ყველანი ერთად და ღირსებით ევროპისკენ!“ - წერს კალაძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა