“ივანიშვილი სტრატეგიული სულელია, მაგრამ ტაქტიკური გენიოსი“ - ნიკა გვარამია
“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომლითაც „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას ეხმაურება.
“ივანიშვილი სტრატეგიული სულელია, მაგრამ ტაქტიკური გენიოსი. ამიტომაც მისი დამარცხება მხოლოდ სტრატეგიულ გაშლილ ველშია შესაძლებელი – მორალური სიცხადის და უპირატესობის პირობებში, ფასეულობების მსახურებით და იდეალიზმის გზით სიარულით, და არა ტაქტიკურ მღვრიე ჭაობში – პოლიტიკური ვაჭრობის და აცაბაცად სიარულის, მორალური „კოჭლობის“ და გვერდიდან შემოცურებული „ახალი თუ ალტერნატიული მოთხოვნების“, დათმობის წითელ თუ მწვანე ხაზების მონიშვნის და ფსევდო კომპრომისებზე წასვლის ვითარებაში.
– ყველა, ვინც 8 მარტის, 19 აპრილის თუ 20 ივნისის შემდგომი შეთანხმებების მარცხს დღემდე არ აღიარებს და საკუთარ სიჯიუტეშია გაჭედილი;
– ყველა, ვინც ამ პროცესებში უპრინციპობის თუ გადაღლილობის გამო დაშვებულ შეცდომებს ვერ ხედავს;
– ყველა, ვისაც გონია, რომ დიპლომატის სიტყვა აქსიომური ჭეშმარიტებაა და სავალდებულოდ შესასრულებელი მაქსიმა;
– ყველა, ვინც პირადი თუ კოლექტიური ინტერესის „შეცურებას“ შეეცდება;
– ყველა, ვინც ასპუნქტიან გეგმაზე სამსჯელოდ ემზადება და დეტალებში გაბნეული ივანიშვილის ეშმაკების გადაყლაპვისთვის არის განწირული;
აი ეს ყველა ან ივანიშვილის სასარგებლო იდიოტია, ან მასთან გარიგებული.
„სალონური“ პროტესტების დრო დასრულდა, თუნდაც 100.000-იანი იყოს!
პროტესტით მოპოვებული გამარჯვების მოლაპარაკებით წაგების უფლება არ გავაქვს!
არც ოპტიმიზმი, არც პესიმიზმი – ჯანსაღი სკეპტიციზმი!
თქვენს ხელშია დიდი ტაქტიკური უპირატესობა და კიდევ უფრო დიდი მორალური უპირატესობა. მაგრამ შესაძლებლობების ბრძოლით მოპოვება და ფლობა, მხოლოდ უფლებებს არ წარმოშობს, მოვალეობებსაც. იმის გააზრება (და უნდა გაიაზროთ!) რომ სამშობლოს მტრის წინაშე დღეს თქვენ წარმოადგენთ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ის დაამარცხოთ – გაკისრებთ ვალდებულებას, ბევრი თქვენგანის ასაკისთვის შეუფერებლად მძიმეს, რომ იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად. გირჩევთ ცივი გონებაც გადადოთ და ცხელი გულიც. მგრძნობიარე გონება და მოფიქრალი გულის პარადოქსული კომბინაციები მუშაობს საუკეთესოდ, როცა სამშობლოსთვის იბრძვი, რადგან სამშობლო არც უსულო კალკულუსია და არც გრძნობამორეული ისტერიკა.
P.S. ახლა ვუყურე მამუკა მდინარაძის ბრიფინგს. 2 დაკვირვება:
1. „ტუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში“
2. შიშისგან სახეზე პირცურცლი ედო:))
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან”, - წერს გვარამია.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.