თეგებით ძიება

შეიცვალოს სახელი “ხალხის ძალამ” და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“! - ნინო ლომჯარია

საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.

“გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით, არა რუსულ კანონს. და დღეს ხელისუფლებას მოუწია, უარი ეთქვა ამ კანონზე. ეს არის თქვენი პირველი გამარჯვება. მადლობა ამისთვის.

ჩვენი 133 თანამოქალაქე, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ გუშინდელ აქციაზე, სანამ მათ წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული არალეგიტიმური ძალა, არის დაკავებული დღეს. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული. არავინ არ დავიშლებით, სანამ ბოლო მოქალაქემდე თავისუფალი არ იქნება დღესვე.

მეორე მოთხოვნა: დაუყოვნებლივ უყარეთ კენჭი ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას. არც ერთი დღე არ უნდა იყოს ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში”, — დასძინა მან, შემდეგ კი თავისი “პირადი მოთხოვნაც” დაამატა, რომელიც “ქართული ოცნების” სატელიტ პარტიას, “ხალხის ძალას” მიემართება:

შეიცვალოს სახელი “ხალხის ძალამ” და დაირქვას ხალხის სირცხვილი. ხალხის ძალა ხართ თქვენ! ხალხის ძალა დგას აქ”.

ლომჯარია გამოეხმაურა “ქართული ოცნების” განცხადების იმ ნაწილსაც, რომელშიც ნათქვამია, რომ “ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად”, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და ამისათვის დაიწყებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან.

ახლა გვეუბნებიან, რომ აპირებენ, გაშალონ ფრონტი და იარონ საქართველოს მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, რა კარგია თურმე რუსული კანონი. პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთ უკეთესიო.

ვერსად ვერ მიხვალთ და სადაც მიხვალთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი გამოურეცხოთ რუსული პროპაგანდით, ყველგან დაგხვდებათ ხალხის ძალა.

ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ თქვენ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს. ჩვენ მთელ მსოფლიოს და ევროპას დავანახებთ, როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რომელზეც დგას ევროპული ერთობა”, — განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა