"2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ..." - რას წერს მარგარიტა სიმონიანი?
კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოში მიმდინარე, პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ომის გამეორების შემთხვევაში, თბილისს პირდაპირ დაარტყამენ.
"თბილისში მომიტინგეები ყვირიან - „სოხუმი! სოხუმი“. სინამდვილეში, თავიდან ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.
კრემლოლოგები არ დარჩენიათ და არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და იქ ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, დიდი გარჩევის გარეშე, სულ მცირე, იმის გამო, რომ
1. ახლა სენტიმენტების დრო არაა, 2. თბილისში არ არის კიევ-პეჩერის ლავრა, 3. ჩვენს ქვეყანაში არავინ მიიჩნევდა და არ მიიჩნევს თავის თავს ქართველებთან ერთ ხალხად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა „თბილისის რუსეთი“.
ასე რომ, სულ ამაოდ წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და თავის ტემპერამენტიან მოსახლეობასთან ერთად, რადგან თავად არ იცოდებენ თავებს“, - აცხადებს სიმონიანი.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.