ვსწავლობთ პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან - თეიმურაზ კუპატაძე
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაშავდა.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.
პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება. ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება. შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.