შსს-ს თანამშრომლებს აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ - თეიმურაზ კუპატაძე
7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან ხუთი მათგანი გადის ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ მძიმე დაზიანებები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ“, - აღნიშნა კუპატაძემ.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.