თვალი დაკარგა, ახლა ცხვირისა და შუბლის მიდამოებში ორი ჭრილობა გაუკერეს - რა დეტალები ხდება ცნობილი კაცზე, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა?
ექიმ, ლევან მეტრეველის განცხადებით, 7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მხედველობას ვერ აღუდგენენ.
„როგორც ზაზა ბიღიაშვილი ჰყვება, აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლით შეუტია. წყლის ძალამ ის შემოატრიალა, რა დროსაც სპეცრაზმის მხრიდან გასროლის ხმა გაიგონა და რაღაც მოხვდა თვალში. ეს ადამიანი სახლში მოვინახულე და გავსინჯე. ის უკვე იმყოფებოდა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც თვალის ჭრილობა დაუმუშავეს. ასევე, ცხვირისა და შუბლის მიდამოებში ორი ჭრილობა გაუკერეს და დაუნიშნეს მედიკამენტები. მას უთხრეს, რომ მისი თვალის დაზიანების სიმძიმის გამო, მხედველობას ვერ აღუდგენენ“, - განაცხადა ექიმმა ლევან მეტრეველმა.
შგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს, თბილისში, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობდა. აქციაზე სპეცრაზმიც გამოიყვანეს. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.