სტრასბურგის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისის საქმის ფარგლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელეს მიმართ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი. კერძოდ, მესამე მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მეხუთე მუხლი პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები (სამართლიანი სასამართლოს უფლება). საქართველოს მხრიდან კი კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე პერიოდს. კერძოდ, ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას დაკავებებს 2001 და 2003 წლებში, შესაბამისად, ასევე მათ მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, გასამართლებასა და დაკავებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 ტერიტორია: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსის ჯარი ამ დრომდე დგას საქართველოს ამ რეგიონებში.