"ქართული ოცნების“ რეჟიმია მთავარი წინაღობა ევროინტეგრაციის გზაზე - სერგო ჩიხლაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შესაბამისად, მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან შემდეგი ნაბიჯები იქნება და უნდა იყოს „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის დემონტაჟი და პარალელურ რეჟიმში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
„ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რეალურად რა არის ხალხის ძალა. ის არის ხალხის ძალა, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა და ვინც რუსთაველზე იდგა და არა - სოზარი, მაჭარაშვილი, ხუნდაძე - ბიძინას რუსული ძალა, რომელმაც კანონი დააინიცირა. დიახ, ერთ რამეში ვეთანხმები მაჭარაშვილს, ეს იყო გულწრფელი პროტესტი ამ კანონთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რუსული კანონი გაწვეულია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებაში რჩება რუსული რეჟიმი. რუსული რეჟიმიც უნდა განიდევნოს საქართველოს ხელისუფლებიდან“, - აცხადებს ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს, თბილისში, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობდა. აქციაზე სპეცრაზმიც გამოიყვანეს. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.