რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში - ირაკლი კობახიძე
რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედთან" ე.წ. რუსული კანონის ჩაგდებაზე.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური. განსხვავებით, იგივე წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც. შესაძლოა, ეს აღქმა არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როდესაც გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს, თბილისში, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობდა. აქციაზე სპეცრაზმიც გამოიყვანეს. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.