ან ხელისუფლება შეასრულებს ხალხის მოთხოვნას, ან ხალხი შეცვლის ხელისუფლებას - დიმიტრი შაშკინი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა არის ევროკავშირისგან მიღებული 12 პუნქტის შესრულება და ერთ-ერთ პუნქტი არის დერადიკალიზაცია, რაც ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ.
"სავიკ შუსტერმა თქვა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" მოვა ხელისუფლებაში და მიხეილ სააკაშვილი იქნება გათავისუფლებული, საქართველო შეუერთდება იმ სანქციებს, რომელიც ახლა არის დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ და არ დაეხმარება რუსეთს გვერდი აუაროს ამ სანქციებს ეს იგულისხმა სავიკ შუსტერმა. დანარჩენი ყველაფერი არის რუსული ენის არცოდნის ინსინუაციები.
"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ ეს მოხდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის მოწამლული, რაც არის დადასტურებული ამერიკულ ლაბორატორიაში, ამერიკელი ექსპერტების მიერ და მას სჭირდება სასწრაფოდ გადაყვანა საზღვარგარეთ, რათა მისი სიცოცხლე იყოს გადარჩენილი. მგონი, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ირლანდიის მთავრობა, უკრაინის პრეზიდენტი, ევროკავშირი, ბოლოს და ბოლოს ევროასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ეს არის ოლიგარქის ვენდეტა.
ძალაუფლება საქართველოში ეკუთვნის ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის დაკვეთა არის 12 პუნქტის შესრულება, რომელიც მივიღეთ ევროკავშირისგან. ერთ-ერთ პუნქტი არის დერადიკალიზაცია, რაც ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ. როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ან ხელისუფლება შეასრულებს ხალხის მოთხოვნას, ან ხალხი შეცვლის ხელისუფლებას. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული მოდელი და ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი", - განაცხადა შაშკინმა.