თეგებით ძიება
13. 03. 2023 სპორტი

"ნეტავ არსებობდეს ისეთი გადასხმა, რომ ქართული სისხლი გადავისხა, რომ ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს" - რას ამბობს კვარას იტალიელი გულშემატკივარი?

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი იტალიელ გულშემატკივარზე წერს, რომელსაც ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას გამო, ქართველობა უნდა.

"მარშრუტი: ფლორენცია-რომი-ნეაპოლი-ფლორენცია

11 მარტის დღის ლოკაცია: ნეაპოლი

“ნაპოლი”-“ატალანტას” მატჩზე, აკრედიტაცია წინა საღამოს მოვიდა, შესაბამისად, გეგმა მომენტალურად გადალაგდა, საემიგრაციო, ტურისტული, პოლიტიკური, სოციალური ამბებიდან, ტვინი ფეხბურთზე გადაეწყო. 

ნეაპოლისა და მატჩის შესახებ ცალკე მოგახსენებთ, მანამდე კი, მინდა ერთი ფერადი და ემოციური ამბის და ამ ფოტოს შესახებ გიამბოთ. 

კვარას (კიდევ ერთი) ეფექტი:

მატჩის დაწყებამდე არც ისე ცოტა დრო იყო დარჩენილი, მაგრამ მე და ჩემი კოლეგა მაინც მივიჩქაროდით. მარადონას ლეგენდარულ სტადიონზე პირველად მივდიოდით და არ გვინდოდა თუნდაც ერთი დეტალი გამოგვპარვოდა. 

სტადიონის ტერიტორიაზე,

მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინ რომ მიტინგზე სიტუაცია მინახავს, ისეთი  ამბავი დაგვხვდა. ჟურნალისტების ტრიბუნამდე გზა გრძელი იყო, სტადიონისთვის წრე უნდა დაგვერტყა, მეტი დამაჯერებლობისთვის და იმ იმედით, რომ მასა გზას დაგვითმობდა, მხრებზე საქართველოს დროშა მოვიხვიე (რა უცნაურად და პირადად ჩემთვის ემოციურად ჟღერს… საქართველოს დროშა, გზამკვლევად წავიმძღვანე). 

- ნინა, ნინა… 

მომესმა შორიდან და დავინახე როგორ გამოეყო მასას ახალგაზრდა მამაკაცი.

- სიმონე სორენტი ვარ, კვარაზე შენი გადაცემის ნახვის შემდეგ მე დავწერე კომენტარი რომ ქართული სისხლი მინდა მიჩქეფდეს ძარღვებში. 

სრულიად უცხო მამაკაცი, მომენტალურად ისეთი მშობლიური გახდა ჩემთვის. ძველი მეგობრებივით გადავეხვიეთ და ერთმანეთს მეგობრობისთვის მადლობა გადავუხადეთ, სამახსოვრო ფოტო, რა თქმა უნდა ქართული დროშით გადავიღეთ, და ერთმანეთს გამარჯვებისა და მეგობრობის გაგრძელების იმედით დავემშვიდობეთ. 

ალბათ, დაგაინტერესათ, რა დამიწერა “ნაპოლის” და კვარას და უკვე საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა ხვიჩაზე გადაცემის კომენტარში: 

“დიდმა იტალიელმა მომღერალმა ლუჩო დალამ, რომელიც ბოლონიიდან იყო წარმოშობით, თქვა: ნეტავ არსებობდეს ისეთი ნემსი, რომ გავიკეთო და ნეაპოლელი გავხდეო. მე კი ვიტყვია, ნეტავ არსებობდეს ისეთი გადასხმა, რომ ქართული სისხლი გადავისხა, რომ ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს”.

ამ პოსტის წერის დროსაც ყელში ბურთი გამეჩხირა. რატომ გავხდი ასეთი ემოციური?  

სიმონე, მადლობა, მადლობა მადლობა…", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა