კაცმა დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო და ბავშვი დაიღუპა - ბათუმის ტრაგედიის ახალი დეტალები
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
გაოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.