„ერთი მოურჩენილი ჭირი დაგვმართა - ერთმანეთის ვერ გატანა. ეს ჭირი რომ მოვირჩინოთ, ჩვენზე კარგი ქვეყანა ძნელად იქნება“ - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ახალგარზდას, ნიკო კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„წიგნს რომ დავწერ, სინდისი სამშვიდობოს არ გამიშვებს და ამიტომ ამ ფურცლებზე ეგეც უნდა ვთქვა: ხვიჩამდე კიდევ ერთ ვარსკვლავობისთვის ჩაფიქრებულ ახალგაზრდა კვარაცხელიას ვიცნობდი. ნიკოს. მისი ოცნებაც ის იყო, დედამიწის რუკაზე ჩვენი პატარა ქვეყანა მკვეთრად დაემჩნია და ვეღარავის წაეშალა გონებიდან მკაფიო კონტურები. აპირებდა და ემზადებოდა. ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭის საქმედ ქცევის გაქანებაც. რადგან წარსულია თხრობის ფორმა, მიმიხვდებოდით - ვერ მოასწრო. ანდა როგორ მოასწრებდა - თანატოლებმა მიუშვირეს იარაღი ქუჩაში მიმავალ მომავლის ბიჭს. და თითქოს ამ საშინელი, ცინიკური სიკვდილის კვალად და პასუხად, რომელმაც ბევრის იმედი მივიწყების თაროზე უხეშად შემოაგდო, უმომავლო ფერმიხდილი ღრუბლებიდან იშვიათი ზურგის ქარით ამობრწყინდა ხვიჩას ვარსკვლავი და ახლა ხვიჩა საკუთართან ერთად ნიკოს ფრთაშეკვეცილ ოცნებას ახდენს. და განა მხოლოდ ნიკოსი. და განა ცოტა გვყავს ფრთამოჭრილი, გაუფრენელი? ჩვენი პატარა და მშვენიერი ქვეყანა, საქართველო ასეთია: თვალს შეავლებ და ოცნებას გაიძულებს. მკაცრი, მაღალი და თხელი მასწავლებელივით დაგყურებს კავკასიონი, დაჟინებით გკარნახობს: მიდი, აფრინდი და პასუხად რომ აფრინდები, ტაშით გაცილებენ ცისკენ და ისე ძლიერია ტაში, ვერც კი ხვდები, როგორ ითარგმნება გასროლილი ტყვიის ხმად და ძირს ეცემი. მე ქართველი ვარ და ასე მგონია, რომ ყველაზე ლამაზი ქვეყნის შვილი გახლავართ, ყველაზე ნიჭიერი ხალხით დასახლებული ქვეყნის. დიდი პოეზიით, მაღალი მთებით და თუ მეტაფორად ჩავეჭიდებით - კიდევ უფრო მაღალი ტაძრებით. ძალიან ცოტას თუ ჩამოთვლით სახელმწიფოს, რომელიც თითქმის სამიათასწლოვან უწყვეტ კულტურულ კარდიოგრამად გასდევდეს მსოფლიოს ეკრანს, ზოგჯერ მძაფრი არითმიებით, მაგრამ არასდროს სწორი ხაზით. არ არის ეს საამაყო? ვფიქრობ რომ დიახაც. და ისიც მახარებს, რომ ისტორიისთვის გადამწყვეტ დროს სხვადასხვა ფორმით კაცობრიობის განვითარების საუკეთესო მხარეს ვირჩევთ. მაგრამ ერთი მოურჩენილი ჭირი დაგვმართა - ერთმანეთის ვერ გატანა. ეს ჭირი რომ მოვირჩინოთ, ჩვენზე კარგი ქვეყანა ძნელად იქნება და მერე უკვე მიკერძოებულობასაც რთულად დამწამებს ვინმე. ამ გაუტანლობას შეეწირა ნიკო და ხვიჩაზე როცა ვფიქრობ ხოლმე, უფრო უკეთ - ხალხის ხმას ვაკვირდები, ეგებ ხვიჩა იყოს მეთქი ამ ათასწლოვან ბზარ-ნახეთქთა პირველი დუღაბი. ვინ იცის?
წიგნიდან - ,,ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“, - წერს კეკელიძე.