ქართველმა მეზღვაურმა სამი მეთევზე გადაარჩინა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ქართველმა მეზღვაურმა, არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და სამი მეთევზე გადაარჩინა.
"ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა - შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს!
8 მარტს, 14:00 საათზე მექსიკის წყლებში, მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას.
9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა გაიგონა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების ხმა.გემის ეკიპაჟი "ბრმად" გაჰყვა ხმას და 4 საათიანი, საკმაოდ რთული და შრომატევადი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. " - წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.