სააკაშვილი ამ ქვეყნის ბნელი წარსულია - რას ამბობს მამუკა მდინარაძე მსჯავრდებულ პრეზიდენტზე?
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ბნელი წარსულია.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს.
„არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება.
სააკაშვილი ამ ქვეყნის ბნელი წარსულია. ადამიანს უბრალოდ შეუძლია მეტი ჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრება. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს - ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს, თავისი სახელები დავარქვათ ყველაფერს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებიდან ყოველთვის, მაგრამ რეალობა სხვაა. არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი", - განაცხადა მდინარაძემ.