„ნიუ ჰოსპიტალსი“ აქციაზე დაშავებული ზაზა ბეღიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ 7 მარტს, აქციაზე დაშავებული ზაზა ბეღიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„აქციაზე დაშავებულ პირს, თვალის დაზიანებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში 2023 წლის 8-10 მარტს გაეწია. ამ ეტაპზე პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და მისი მკურნალობის ღირებულება დაფარულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით.
კლინიკის დახმარებით პაციენტი შეფერხების გარეშე იღებს ასევე ამბულატორიულ მომსახურებას.
დაგეგმილი, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევის ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ. პაციენტი იმყოფება კლინიკის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და მიიღებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც დაკავშირებულია დაზიანების შემდგომი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტებს დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად“, - აღნიშნულია „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.