ვანოსაც და მიშასაც თავისი ადგილი აქვთ მიჩენილი - დიმიტრი ხუნდაძე
ვანო მერაბიშვილის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება იმ მძიმე წარსულთან დღესაც ახლოს დაიარება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ახლოს არის ვანო, ახლოს არის მიშა, თუმცა ერთსაც და მეორესაც თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. მერწმუნეთ, რომ საზოგადოება, რომელმაც ეს წარსული თვითონ მოიცილა თავიდან, არ ჩაჯდება იმ ძველ ვაგონში, რომელიც ძალიან ცუდად მიექანებოდა. ასე რომ, ეს არის მათი უსაფუძვლო, უშედეგო მცდელობა, თუმცა, რა თქმა უნდა, რეალობა არის ის, რაც არის. საზოგადოებას მაინც სჭირდება სიფრთხილე, გონიერება, რომ თავისდაუნებურად მერე მათივე გამოსასწორებელი არ გახდეს ის, რაც აქამდე უკვე მათი ხელით გაკეთდა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად”.