საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოციალურ ქსელში ბულინგმა და დამუნათებამ.
„მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით. შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს, ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის. მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, შექმნან მომავალი.
ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოციალურ ქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპისა თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან. სინამდვილეში, სწორედ ისინი არიან პატრიოტები – მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსსა და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე. დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზზიდენტმა.