თეგებით ძიება

„მიყვარს ორი დედაჩემი და მტკივა, რომ ამ ორ დედას - მხოლოდ ერთი შვილი დარჩა“ - დეა მამისეიშვილის ემოციური პოსტი

ჟურნალისტი, დედა მამისეიშვილი გარდაცვლილი ძმის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დღეს ნიკუშას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. პირველად ავედი მის საფლავზე და იმ რეალობას ჩავხედე თვალებში, რომელსაც მთელი ძალით გავურბივარ. იქ ქვა, ქვაზე დატანილი ნიკუშას მომღიმარი სახე და აუტანელი სიჩუმე დამხვდა. ნიკუშა აღარ გვყავს, სამაგიეროდ, ჩვენი ,,მამისეს” მეგობრები ერთი წუთითაც არ გვტოვებენ.  არ ვიცი, როგორ ახერხებენ, მაგრამ მათ ჩვენი გამხნევება საოცრად გამოსდით… არადა, მათ დიდ სამეგობროში ნიკუშა პირველი დანაკარგი და პირველი ტკივილია, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვებათ.

ამ ფოტოებზე ერთი დედაჩემია ( მას ისედაც იცნობთ) მეორე - ნიკუშას დედა - ნინიკო. ყველა დარბევის ღამეს ვეხვეწებოდი, ვაფიცებდი სახლიდან არ გამოსულიყო, მაგრამ ერთადერთი მესიჯი რაც მისგან მივიღე ეს იყო: “ნიკუშა აღარ მყავს, მხოლოდ შენ დამრჩი, თუ შენც რამე დაგემართება - მე დასაკარგი არაფერი მაქვს”. და ასე იდგნენ ნინიკო და ნანა ყველგან, სადაც მე ვმუშაობდი! წაიქცეოდნენ, გაზისგან წუხდებოდნენ და მაინც ფეხზე დგებოდნენ, საითაც არ უნდა გამეხედა გაზის კვამლში გახვეულ რუსთაველზე , მაინც ჩანდნენ - ხელჩაკიდებული იდგნენ და სულ ჩემკენ ჰქონდათ თვალი! ხალხი გარბოდა, ნანა და ნინიკო ფეხს არ იცვლიდნენ ადგილიდან და ყველა დარბევის ეპიცენტრში იყვნენ. 

როდესაც ჯოჯოხეთური ორი დღე-ღამე მიილია და სახლში ვისხედით, მაშინ მითხრა ნინიკომ - ნიკუშა რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, იქ, იდგებოდაო… შენს გვერდით ფეხდაფეხ ივლიდა და არც ერთ აქციას გამოაკლდებოდა რუსთაველზეო. თან დაგიცავდა და ყველა საფრთხეს მოგარიდებდაო. 

მერე დავფიქრდი და, ზუსტად ვიცი, ახლა ნიკუშა რომ მყავდეს, ვიცი რასაც იტყოდა, ვიცი როგორც იბრძოლებდა, ჩემთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჰოდა, ზუსტად ვიცი რომ ახლა იგივე უნდა გავაკეთო მე - ჩემთვის, ნიკუშას ოჯახისთვის, ნიკუშას მეგობრებისთვის, რომ მათ მაინც იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, როგორზეც ნიკუშა ოცნებობდა! 

მე ისეთი მფარველი ანგელოზი მყავს, გამორიცხულია, რომ ყველაფერი არ გამომივიდეს. 

მიყვარს ორი დედაჩემი და ყველაზე მეტად მტკივა, რომ ამ ორ დედას - მხოლოდ ერთი შვილი დარჩა“, - წერს დედა მამისეიშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა