კობახიძემ რომ ჩემზე თქვას, კარგი კაციაო, შეიძლება, პოლიტიკიდან წავიდე - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ირაკლი კობახიძემ რომ თქვას, ხაბეიშვილი კარგი კაციაო, ამაზე იცით როგორ ვინერვიულებ? არ ვიცი, შეიძლება, პოლიტიკიდანაც წავიდე, როცა კობახიძე მაგას იტყვის. კობახიძე ამერიკელებზე ამბობს, რომ ომის დაწყება უნდათ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, კუბილიუსით დაწყებული და ფოტიგათი გაგრძელებული, ზოგს აგენტებს ეძახის, ზოგს ნაციონალებს, ზოგს ამრევებს და ა.შ. კობახიძე რომ ამას ამბობს, ეს არანორმალური არ არის. თქვენ უნდა გაგიკვირდეთ, კობახიძემ სხვა რამე რომ თქვას. ის მუდმივად ცდილობს, მისი მთავარი ოპონენტი ვინც არის და ვისიც ქართულ ოცნებას ეშინია, რაღაცნაირად დააკნინოს ხოლმე. ეს მათი სტილია. სხვათა შორის, რუსული სტილია, რომ კნინობით ფორმაში ისაუბროს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდისთვის დავით კეზერაშვილი ერთგვარი სეკრეტ სანტაა, რომელმაც მათ ლევან ხაბეიშვილი და ვანო მერაბიშვილი აჩუქა. ასევე, კობახიძემ ხაბეიშვილს ენმ-ის ფორმალური თავმჯდომარე კიდევ ერთხელ უწოდა.