სკოლიდან გამოსულს უცნობი აედევნა - რას ამბობს ადგილობრივი დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.
ადგილობრივის თქმით, გოგონას უცნობი აედევნა.
"თქვეს მეზობლებმა, რომ საქანელებზე ქანაობდაო, სკოლიდან გამოსული. მერე წავიდა და ბავშვებმა დაინახესო, რომ ვიღაცა აყვაო, ეტყობა დიდი. ეს ერთმა კაცმა თქვა, ერთმა მეეზოვემ, რომ როგორც ჩანს, წაყვანილი ჰყავდა სადღაც და მერე ასეთ მდგომარეობაში გამოიყვანა და დააგდოო, თორემ აქ ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ძალიან მოძრავი ადგილია", - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.