ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია... - ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია, 12 წლის გოგო საკუთარ სახლში გადაასვენეს
დიდ დიღომში, გარდაცვლილი 12 წლის გოგო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.
როგორც გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა და ცხედარი სახლში გადაასვენეს.
"ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ“, - აღნიშნავს ბაბუა.
ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.