როგორ აღმოჩნდა ბავშვი მიფარებულ ადგილას?! ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? - დაღუპული მოზარდის ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ
დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლებსა და მეზობლებს ტრაგედიის შესახებ გარკვეული მოსაზრებები აქვთ.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებთან აცხადებს, გოგონა ბოლოს საქანელაზე ნახეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, „ვიღაც აეკიდა“. მისივე განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ გოგონა ჯერ სხვა ადგილზე წაიყვანეს, იქ კი, სადაც შემდეგ იპოვეს, უკვე უგონო მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს.
„მეეზოვეებმა თქვეს, რომ სკოლიდან რომ გამოსულა, საქანელაზე ქანაობდა. შემდეგ ბავშვებმა დაინახეს, რომ ვიღაც აეკიდა, ალბათ, დიდი ადამიანი. შემდეგ მთელი დღე დაკარგული იყო. ერთმა მეეზოვემ თქვა, რომ, როგორც ჩანს, წაყვანილი ჰყავდათ სადღაც, შემდეგ კი ასეთ მდგომარეობაში დააგდეს კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც იპოვეს“, - აცხადებს ადგილობრივი.
მოზარდის ბებიის თქმით კი, როდესაც გოგონა იპოვეს, "გაგუდული იყო, ხოლო ყელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა". "ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... გული ჰქონდა არეული, სახეზე კი მიწა ეყარა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას?! ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?!" - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია ambebi.ge-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.