"12 წლის გოგონა ბაწრით რომ მოგუდა ვიღაც მანიაკმა, შეუძლებელია ეს კულტურულ პრიმიტივიზმთან არ იყოს კავშირში... ამ ქვეყანაში ბავშვები არ უყვართ" - ბექა ყორშია
ჟურნალისტ, ბექა ყორშიას აზრით, საქართველოში ბავშვები არ უყვართ, განსაკუთრებით კი, გოგოები.
"ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ბავშვები არ უყვართ. განსაკუთრებით კი - გოგო ბავშვები. ამას აჩვენებს სელექციური აბორტის სტატისტიკაც: 1990 წლიდან 2015 წლამდე 30 ათასი გოგო ვერ გაჩნდა შერჩევითი აბორტის გამო.
12 წლის გოგონა ბაწრით რომ მოგუდა ვიღაც მანიაკმა წუხელ დიღომში, შეუძლებელია ეს რაიმე სახით მაინც ჩვენს კულტურულ პრიმიტივიზმთან არ იყოს კავშირში - ქართველი ახმახი ბიჭის გაჩენას თოფის გასროლით, ხოლო გოგოსას - სევდანარევი “როგორ გამიხარდა”-თი რომ ხვდება", - წერს ყორშია.
2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.