თეგებით ძიება

გუშინ, 6 საათზე, ჩემთან უნდა მოსულიყო გაკვეთილზე... - რას ამბობს პედაგოგი დიღომში გარდაცვლილ 12 წლის გოგოზე ?

დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის შესახებ მისი პედაგოგი საუბრობს.

პედაგოგის თქმით, მოზარდი გუშინ, 6 საათზე მასთან გაკვეთილზე უნდა მისულიყო, თუმცა არ მივიდა.

"არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, შოკირებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ანი ჩემი მოსწავლე იყო, გამხდარი, სიფრიფანა და საყვარელი გოგონა. ინგლისურში ვამეცადინებდი. ჩემთან სახლში დადიოდა, გუშინ, 6 საათზე, ჩემთან უნდა მოსულიყო გაკვეთილზე, მაგრამ არ მოვიდა, მანამდეც რამდენჯერმე გამიცდინა გაკვეთილი და დედამისს ვუთხარი, როცა არ მოვა, წინასწარ მაცნობე-მეთქი.

გუშინ აღარ დამირეკავს, ვიფიქრე, დაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. კვირაში ორჯერ მოდიოდა და ზოგჯერ ერეოდა დღეები. რომ არ მოვიდა, 19:20-ზე ჩემი შვილი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ და ვიფიქრე, ანიც შემხვდება ქუჩაში და ვკითხავ, რატომ არ მოვიდა-მეთქი. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, მერვე კორპუსში. ხშირად, ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.

ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა – ქართველია. ნახევრად ლიეტუველი რომ არის, უცხო გარეგნობა ჰქონდა. ძალიან ნაზი, ფერია გოგონა იყო. გაკვეთილიდან სახლში რომ მიდიოდა, რამდენჯერმე გავაფრთხილე, სადარბაზოში უცხოებს არ შეჰყვე-მეთქი, რატომღაც სულ ვაფრთხილებდი და როცა სახლიდან ვუშვებდი, სანამ ლიფტში არ შევიდოდა და ეზოში არ გავიდოდა, სულ ვუყურებდი ხოლმე. უცხო გარეგნობის იყო და ვფიქრობდი, ამ ბავშვს ვინმემ თვალი არ დაადგას-მეთქი. სამწუხაროდ, უსაფრთხო გარემო არ არის და ადამიანს ყველაფრის გეშინია.

186-ე სკოლის მოსწავლეა, პანდემიის დროს, ერთი წელი ლიეტუვაში იყო ოჯახი, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ. დედას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს და დებს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. საქართველო უყვარდათ“, – ამბობს პედაგოგი "კვირის პალიტრასთან“.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა