„რა პრობლემა შეიძლება ამოვიკითხოთ რუსეთიდან შემოსულ დიდძალ ფულში?“ - რას წერს რომან გოცირიძე?
დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რა პრობლემა შეიძლება მოიტანოს რუსეთიდან დიდძალი თანხების შემოდინებამ.
„რუსეთიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოვიდა მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილებით 2,5 მილიარდი დოლარი. აქედან თითქმის 800 მილიონი დოლარი დაილექა ეროვნული ბანკის რეზერვებში, ლარი გაამყარა სამიდან 2,6-ამდე და რომ არა ეროვნული ბანკის შესყიდვები, სადამდე გამყარდებოდა ღმერთმა იცის. მყარმა ლარმა ხელი შეუშალა ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდას. შემოსული ფულის ნაწილი ხმარდება ადგილობრივ ბიზნესს და მოსახლეობას. გადმორიცხული ფულის საკმაო ნაწილი არის იმ ქართველების მიერ შემოტანილი თანხა, რომლებიც ტოვებენ რუსეთს, ყიდიან ბიზნესებს და ქონებას. ეს სატელევიზიო ექსპერტები კი გაჰყვირიან, რომ ვიღუპებით, რუსეთის ფინანსური გავლენა იზრდებაო. არა და თავად რუსეთის ხელისუფლება უნდა ყვიროდეს, რომ თავქუდმოგლეჯით გარბის კაპიტალი ამ ქვეყნიდან.
რა პრობლემა შეიძლება ამოვიკითხოთ რუსეთიდან შემოსულ დიდძალ ფულში?
1. შემოდიან რუსი მოქალაქეები( ეს ადმინისტრაციული საკითხია და არა ფინანსური)
2. გაჩნდა ე. წ. ჰოლანდიური სინდრომის საფრთხე( ეს არის ფინანსური პრობლემა).
თუ დასახელებული ორი პრობლემა დროებითია, ეს ერთი საკითხია, თუ ხანგრძლივი-მეორე. ამაზე უნდა იყოს მსჯელობა და არა პოლიტიზებულ ინტერპრეტაციაზე, რომელსაც არც პოლიტიკური ეფექტი აქვს. როცა ფული შემოდის, ის ვიღაცის ჯიბეში ხვდება. გული მარცხნივ მიმაქანებს, მაგრამ ჯიბე მარჯვნივო, ეს ფრანგული პოლიტიკური სენტენციაა“, - წერს რომან გოცირიძე.